ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო ქართლი, სვანეთი, ასევე აფხაზეთი.
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.
გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი - 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა. მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის - ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.
სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ”თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად - ჯიხვი).
ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.
ქართული სამარკო ღვინოები

სუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი (თეთრი), გურჯაანი (თეთრი), ნაფარეული (თეთრი), ბახტრიონი (თეთრი), მანავი (თეთრი), ვაზისუბანი (თეთრი), ციცქა (თეთრი), ცოლიკაური (თეთრი), რქაწითელი (თეთრი), ტიბანი (თეთრი), თელავი (თეთრი), სვირი (თეთრი), , სამება (თეთრი), თელიანი (წითელი), ნაფარეული (წითელი), ყვარელი (წითელი), მუკუზანი (წითელი),
სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი (თეთრი), გარეჯი(თეთრი), გელათი (თეთრი), კახეთი (თეთრი), დიმი (თეთრი), ბოდბე (თეთრი), შუამთა (თეთრი), საფერავი (წითელი),
მახევრადმშღალი ღვინოები: აგუნა (თეთრი), საჩინო (წითელი), მთაწმინდა (წითელი), ანაკოფია (თეთრი), თბილისური (თეთრი), ფიროსმანი (წითელი), ბარაკონი (წითელი).
ნახევრადტკბილი ღვინოები: ახმეტა (თეთრი), ტვიში (თეთრი), თეთრა (თეთრი), ჩხავერი (თეთრი), სავანე (თეთრი), ფსოუ (თეთრი), ალაზნის ველი (თეთრი), ხვანჭკარა (წითელი), ოჯალეში (წითელი), ქინძმარაული (წითელი), ახაშენი (წითელი), თავკვერი (წითელი), უსახელაური (წითელი), აფსნი (წითელი), ლისნი (წითელი), ალაზნის ველი (წითელი), ალადასტური (წითელი).
მაგარი ღვინოები (პორტვეინი): კარდანახი (თეთრი), ანაგა (თეთრი), სიღნაღი (თეთრი), ივერია (თეთრი), კოლხეთი (წითელი), ტარიბანა (თეთრი), ლელო (თეთრი), მარაბდა (თეთრი),
სადესერტო ღვინოები: საამო (თეთრი), ხიხვი (თეთრი), სალხინო (წითელი), აფხაზეთის თაიგული (თეთრი).
ქინძმარაული
ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირე ბადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო. მზადდება საფერვის ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო "ქინძმარაული" ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.

ოჯალეში
ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებში (სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი, სოხუმი, გუდაუთა, გაგრა). მწიფს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი მტევანი; მუქი ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. შაქრიანობა მერყეობს 21,2-იდან 24,3%-მდე, მჟავიანობა 7-9 ‰. ოჯალეშიგან ამზადებენ მუქ-წითელ მაღალხარისხოვან ორიგინალურ მშრალ ან ნახევრად ტკბილ სუფრის ღვინოს — „ოჯალეშს“. ლეჩხუმში გავრცელებული ოჯალეში ანუ ორბელური ოჯალეში საფრანგეთოდანაა შემოტანილი, რომლის ნამდვილი სახელწოდებაა „მერლო“.

ღვინის ისტორია განუყოფელია კაცობრიობის ისტორიისაგან. ის არის კულტურის მონაპოვარი და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომ, მისი უბრალო სასმელად აღქმა სრულფასოვნებას მოკლებულია. ქართული ქრისტიანული ტრადიციით ღვინო არა მარტო მხიარულების, სიცოცხლისა და მშვიდობის წყაროა, არამედ „ქრისტეს სისხლად“ შერაცხული სიმბოლური მოციქულია ზეციურ-ადამიანური წმიდა კავშირისა.
ყურძენსა და ყურძნის ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. ღვინო ეს არის პროდუქტი, რომელიც შექმნა მევენახემ და მეღვინემ. პირველი ვაზს უვლის და ახარებს, მეორე - ამზადებს ღვინოს. ღვინო ადამიანის საუკეთესო მეგობარია, თუ მას მოიხმარ ზომიერად, და - ყველაზე დიდი მტერიც, თუ მას ბოროტად გამოიყენებ. იგი - თქვენი ცხოვრების თანამგზავრია, დარდების გამქარვებელი საშუალებაა, ლხინის დამამშვენებელი, და მთავარი წყაროა ამაღლებული გრძნობებისა. ღვინო ხანში შესულებისათვის რძეა, მოზრდილთათვის - ბალზამი, ხოლო გურმანებისათვის - მეგზური.
საქართველოში ოდითგანვე ფართოდ იყო განვითარებული მეღვინეობა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა კახეთი. XIX საუკუნის 30-იან წლებში თელავის მაზრაში 2 მილიონამდე ვედრო ღვინოს აყენებდნენ, აქედან 1300000 ვედრო იყიდებოდა. მარტო თბილისი, რომლის მოსახლეობა იმ დროს 23000 კაცს აღწევდა, 70 ათას ვედრო ღვინოს მოიხმარდა. ამავე წლებში თელავის მაზრაში 75000 ვედრო არაყი გამოიხადა. სიღნაღის მაზრაში 1858 წელს 1350000 ვედრო ღვინო და 100000 ვედრო არაყი დაუმზადებიათ.
ვაზის კულტურისა და ღვინის დაყენების განვითარება განუყრელად არის დაკავშირებული კაცობრიობის ისტორიასთან. ძველთაგანვე ყურძნის მტევანი და ღვინო მეგობრობისა და მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება. საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხი სიყვარულით უვლიდა ვაზს, ქმნიდა და თაობიდან თაობას გადასცემდა სულ უფრო სრულყოფილ აგროტექნიკას და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას.
ყურძნის ღვინოებს კაცობრიობა ამზადებს და ათასწლეულების განმავლობაში იყენებს. მეღვინეობის ცნობილ ქვეყნებში ღვინო ყოველდღიური სასმელია.

მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის.
გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.

No comments:
Post a Comment