მეკვლეობა, ახალ წელს ნაყოფიერება-ბარაქიანობის მაღალმოსავლიანობის, ბედნიერება-სიკეთის უზრუნველყოფის მიზნით მეკვლის მიერ ოჯახის დალოცვისა და გარკვეული რიტუალების შესრულების ჩვეულება. თავდაპირველად, როცა კალენდარული ახალი წელი ემთხვეოდა ახალ სამეურნეო წლის ანუ, შესაბამისად, აგრარული კალენდრის დასაწყისს, მეკვლის — ახალი წლის პირველი მომლოცველის — ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იყო რიტუალური ხვნა-თესვა, პირველი, რიტუალური კვალის გავლება.
ამ ჩვეულების გადმონაშთში ბოლო დრომდე შემორჩა ყოფას მეკვლეობის მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით შემორჩა ყოფას. ძველად ადამიანებთან ერთად მეკვლეობაში მონაწილეობას იღებდა აგრარულ კულტურებთან დაკავშირებული ხარი, ცხვარი ან ცხენი..
მფერხავი
მფერხავი, მომლოცველ-მოცეკვავე გურიაში, მეფეხური ან მეფერხე — იმერეთში, მეკვლე — ხევსურეთში ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია საახალწლო რიტუალურ წეს-ჩვეულებასთან. ფერხავობის დღეს ( ახალი წლის მეორე დღე) ოჯახში მისალოცად მივიდოდა უცხო კაცი და ოჯახის ყელა წევრს ეცეკვებოდა. ხალხის რწმენით, როგორი ფეხისაც იყო მფერხავი, ისეთი წელიწადი დაუდგებოდა ამ ოჯახს.
ჩიჩილაკი
ჩიჩილაკი, ხის ფორმის რიტუალური საგანი. მზადდებოდა საახალწლოდ მიკვლევა-მილოცვისათვის. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე ნაირსახეობა, რომელთაგან განსაკუთრებით სრულყოფილი ჩანს გურული კალპიანი ჩიჩილაკი.
ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკის ან "ბასილას" წვერი ერქვა. აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს, ორ სფერულ კვერცხს, ე. წ. "ყვინჩილებს". ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს, რომელისაც ფრთისა და ბოლოს ბუმბულს უტოვებდნენ. სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს.
იმერეთში სცოდნიათ ჩიჩილაკის ენდროთი შეფერადება. კალპი მარადმწვანე სუროსაგან და წითელმარცვლიანი კურკანტელის ლერწებისაგან მოწნული რგოლია, რომელსაც ჩიჩილაკის ზემოდან ბურბუშელის შეკრების ადგილას დგამდნენ. კალპზე დებდნენ ყველითა და კვერცხით შეზავებულ გულამოჭრილ კვერცხს, ბოკელს, ზემოდან ადგამდნენ ყვინჩილებიან ჯვარს. კალპის დადგმა ჩიჩილაკისთვის აუცილებელი არ იყო.
კალპის მსგავსად რაჭაში მზადდებოდა გვერგვი, რომელიც რიტუალში დამოუკიდებლად მონაწილეობდა.
ჩიჩილაკის მსგავსად ხის ტოტების შემკობა და საჩუქრად მირთმევა სცოდნიათ საქართველოს სხვა კუთხეებშიც. ასეთი იყო სახადის განმგებელთათვის, "ბატონებისათვის" მისართმევი ხე; საჩუქრებითა და ხილით შემკულ ხეს, "მაშხალას" მიართმევდნენ ხოლმე ხევში ნეფე-დედოფალს.
სვანეთში მიცვალებულის სახელზე აკეთებდნენ ე. წ. "კამარას", რისთვისაც ზრდადასრულებული, ტანმაღალი ხის წვერს მიწამდე მოხრიდნენ და დაამაგრებდნენ, ხოლო ზედ სხვადასხვა შესაწირავს დაჰკიდებდნენ.
ჩიჩილაკი და სხვა რიტუალური ხეების რწმენა სათავეს იღებს ცხოვრების ხესა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული იდეებიდან. ანალოგიური რწმენები გავრცელებულია ევროპის მრავალ ხალხში.
ლუდთან დაკავშირებული ტრადიციები
საქართველოს მთიელები-ხევსურები, თუშები, ფშავები, გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებდა.
ალკოჰოლური სასმელის თავდაპირველი საზრისი რელიგიური აქტია, რომელიც ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში გაზიარებულია როგორც ღვთაებრივი, წმინდა სასმელით ღმერთებთან თანაზიარობის იდეა და იგი ითვლებოდა ყველაზე წმინდა შესაწირად. პირველყოფილი ანიმისტი ადამიანი, რომლისათვისაც ბუნება გასულიერებულია, ალკოჰოლური სასმელით აღგზნებას, მასში ღვთაების ჩასახვად მიიჩნევს, რაც უკიდურესად აძლიერებს მისი, როგორც საკულტო-საღვთო სასმელის მნიშვნელობას.
ეს ვითარება გამოსჭვივის ყველა სახალხო დღესასწაულში. თავისი დანიშნულებით ეს თავყრილობანი უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული, რადგან იგი ოდითგანვე ქცეულა სტუმარ-მასპინძლობის შეურყეველი წესის ჩამომყალიბებლად, გმირობისა და ვაჟკაცობის გასაძლიერებლად, ნათესაობის შემკვრელ-შემნივთებლად და ზოგადად, ადამიანთა სულიერების ასამაღლებლად.
ასეთი იყო დღესასწაულის დანიშნულება საქართველოს მთაში, შეუძლებელი იყო მათი შეუსრულებლობა და ამიტომაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართული მთის დღესასწაულის დაახლოებით ერთნაირი სისტემა, რომელიც უხვადაა დასურათებული არქაული საწესო-სარიტუალო ჩვეულებებითა და პრაქტიკული სამეურნეო ქმედებებით, რომელთაგან ლუდის გამოხდა-დადუღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტად წარმოგვიდგება.
No comments:
Post a Comment